რაში დაგეხმარებათ კარდიოლოგი

ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კარდიოლოგია Caraps Medline-ის კლინიკაში, თბილისში. მიღება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ძლიერი ტკივილი გულმკერდში, რომელიც რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება, უეცარი ქოშინი ან გონების დაკარგვა — დარეკეთ 112-ზე, ვიზიტს ნუ დაელოდებით.

რა ჩივილებით მოდიან ყველაზე ხშირად

მაღალი ან მერყევი არტერიული წნევა

არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც სისხლი არტერიების კედლებს აწვება. ამ სისხლძარღვებს სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებისკენ მიაქვს. დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან იკლებს. თუ მან ზედმეტად მოიმატა და დიდხანს დარჩა მაღალი, შესაძლოა სხვადასხვა ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს.

მაღალი არტერიული წნევა ხშირად დიდხანს არ იგრძნობა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ტვირთავს გულს, სისხლძარღვებს, თირკმელებს, თავის ტვინსა და სამიზნე ორგანოებს. ამისათვის საჭიროა კარდიოლოგთან ვიზიტი, რომელიც დააზუსტებს, მართლა მაღალია თუ არა არტერიული წნევა (ზოგჯერ ამისთვის სადღეღამისო მონიტორინგია საჭირო — ამბულატორიულ რეჟიმში), განსაზღვრავს გამომწვევ მიზეზებს და შეარჩევს მკურნალობას. თუ მედიკამენტებს უკვე იღებთ, მაგრამ წნევა მაინც მაღალია — ესეც კარდიოლოგთან მისვლის მიზეზია.

გულის რიტმის დარღვევა, აჩქარებული ან იშვიათი, „ამოვარდნის“ შეგრძნება, არარეგულარული გულისცემა

გულის „გაჩერების“ შეგრძნება, ბიძგები, აჩქარებული, შენელებული ან არარეგულარული გულისცემა — წარმოადგენს არითმიის ნიშნებს. იმის გასაგებად, რა ხდება, რა ტიპის არითმიაა, რამ გამოიწვია — ეტიოლოგია ან როგორ ვუმკურნალოთ მას, საჭიროა კარდიოლოგთან ვიზიტი. დაგჭირდებათ ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია), ზოგჯერ კი — რიტმის ჩაწერა დღე-ღამის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში (ჰოლტერი), შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში კი გაფართოებული კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ტიპის.

ტკივილი, ზეწოლა ან დისკომფორტი გულმკერდში

გულმკერდის ტკივილი ყოველთვის გულიდან არ მოდის: მას შეიძლება იწვევდეს ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები, კუნთოვანი სისტემა, გასტრო-ინტესტინური პრობლემები, სხვა ორგანოთა დაავადებები ან ფსიქო-ემოციური ფაქტორები. კარდიოლოგის ამოცანაა, მოახდინოს გულისმიერი (კარდიოლოგიური) მიზეზების გამოვლენა, სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებებისგან დიფერენცირება, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს გამოკვლევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, მკურნალობა. თუ ტკივილი ძლიერია, რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება, გადაეცემა ხელში, ყბაში ან ზურგში, თან ახლავს ქოშინი ან ცივი ოფლი — დარეკეთ 112-ზე.

ქოშინი ჩვეულ დატვირთვაზე, ფეხების შეშუპება

ქოშინი ისეთ დატვირთვაზე, რომელიც ადრე ადვილი იყო, ადვილად დაღლა, უჰაერობა, ფეხების შეშუპება, მაღალ სასთუმალზე ძილის სურვილი — კარდიოლოგთან ვიზიტის მიზეზს წარმოადგენს: ასე შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობა და/ან სარქვლის დაავადება. ხშირად პასუხს იძლევა ისეთი მარტივი კვლევის მეთოდი, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია — გულის ულტრაბგერითი კვლევა.

მაღალი ქოლესტერინი ან შაქარი, ინფარქტი და ინსულტი ნათესავებში

მაღალი ქოლესტერინი, დიაბეტი, მოწევა, ჭარბი წონა, ახლო ნათესავებში ახალგაზრდა ასაკში გადატანილი ინფარქტი ან ინსულტი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. კარდიოლოგი შეაფასებს რისკს და აგიხსნით, რისი შეცვლა ღირს: ცხოვრების წესის, მკურნალობის თუ ორივესი.

თავბრუსხვევა და გულის წასვლა

გულის წასვლა ან გულის წასვლის შეგრძნება (სინკოპე/პრესინკოპე), თითქოს გონებას კარგავთ, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რიტმის დარღვევასთან ან წნევასთან. შესაბამისად, მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია კარდიოლოგთან ვიზიტი.

ბევრი წამალი ერთდროულად — როგორ ეთავსება ერთმანეთს (პოლიპრაგმაზია)

როცა რამდენიმე წამალს იღებთ, მნიშვნელოვანია, როგორ ეთავსება ისინი ერთმანეთს (წამალთა ურთიერთქმედება), სხვა მედიკამენტებსა და დანამატებს. ამის განხილვა შესაძლებელია ვიზიტზე — თან წამოიღეთ ყველაფრის სია, რასაც იღებთ, დოზებით.

გულის შემოწმება ოპერაციის ან სპორტის წინ

გეგმიური ოპერაციის წინ ქირურგმა ან ანესთეზიოლოგმა შეიძლება კარდიოლოგთან გაგზავნოთ — განსაკუთრებით, თუ ასაკოვანი ხართ ან გულის დაავადება გაქვთ. გულის შემოწმება ღირს ინტენსიური ვარჯიშის დაწყებამდეც, თუ ჩივილები ან რისკის ფაქტორები გაქვთ.

ასევე, რეკომენდებულია სპორტული აქტივობის (მათ შორის დარბაზში ვარჯიშის) დაწყებამდე ერთხელ მაინც მოახდინოთ კარდიოლოგიური კუთხით შემოწმება.

რა გამოკვლევები შეიძლება დანიშნოს კარდიოლოგმა

ეკგ
გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა; რამდენიმე წუთი სჭირდება.
ჰოლტერი
გულის რიტმის ჩაწერა დღე-ღამის ან მეტი ხნის განმავლობაში, ჩვეულ რეჟიმში.
წნევის სადღეღამისო მონიტორინგი
აპარატი თავად ზომავს წნევას თანაბარი ინტერვალებით დღე-ღამის განმავლობაში.
ექოკარდიოგრაფია
გულის ულტრაბგერითი კვლევა: ზომები, სარქვლების მუშაობა, როგორ იკუმშება გული.
დატვირთვის ტესტი
როგორ უმკლავდება გული დატვირთვას — სარბენ ბილიკზე ან ველოტრენაჟორზე.
სისხლის ანალიზები
ქოლესტერინი და მისი ფრაქციები, შაქარი და სხვა მაჩვენებლები — საჭიროებისამებრ.

რომელი მათგანია საჭირო თქვენთვის, ექიმი ვიზიტზე გადაწყვეტს.

ვიზიტზე ჩაწერა შესაძლებელია Caraps Medline-ის კლინიკის ტელეფონით

+995 32 251 60 60